ამომცემელი: Ubisoft Entertainment მწარმოებელი: Ubisoft Montreal წელი: 2008 ჟანრი: Stealth Action პლატფორმები: PC, PlayStation 3, Xbox 360 მკვლელი, რომელსაც ყველა ელოდა მას შემდეგ, რაც 2007 წლის ნოემბერში PlayStation 3 და Xbox 360 პლატფორმებს დიდი ხნის ნანატრი Assassin’s Creed ესტუმრა, პერსონალური კომპიუტერების მფლობელები მოუთმენლად ელოდნენ, როდის მიადგებოდა ესოდენ სასურველი სტუმარი მათ კარსაც. მათ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ კონსოლების იმ ბედნიერი მფლობელების სახლებიდან, სადაც სტუმარმა უკვე მოიკიდა ფეხი, მხოლოდ სიამოვნების ოხვრა–კვნესა მოისმოდა. კონსოლური პრემიერიდან ექვსი თვის შემდეგ, როგორც იქნა, დადგა ნანატრი ჟამი და PC გეიმერებსაც ეღირსათ ბედნიერება, საკუთარი თვალით ეხილათ ლეგენდარული „ჰაშაშინი“ ალტაირი. მოგეხსენებათ, კონსოლური ჰიტების პერსონალურ კომპიუტერებზე პორტირებისას ყოველთვის ჩნდება ერთგვარი შიში, რომ კონვერტაციის პროცესში შესაძლოა ნაწილობრივ დაიკარგოს ის პეწი და ეფექტი, რაც ორიგინალურ ვერსიებს აქვთ, ან უბრალოდ ვერ მოხერხდეს ჯოისტიკზე გათვლილი ინტერფეისის ოპტიმიზირება კლავიატურისა და თაგვისათვის. საბედნიეროდ, Assassin’s Creed–ის შემთხვევაში ეს შიში არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის PC ვერსიამ კონსოლურებთან შედარებით ოდნავ უფრო მოკრძალებული შეფასება მიიღო, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ოპერაციამ“ წარმატებით ჩაიარა – საღ–სალამათი გადარჩა როგორც ვიზუალური მხარე, ასევე გეიმფლეი. მაღალი წარმადობისა და DirectX 10–ის მხარდაჭერის მქონე PC სისტემებზე გრაფიკა უფრო მიმზიდველიც კი არის, ვიდრე კონსოლებზე. მაშ ასე, დროებით ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და გავემგზავროთ ჯვაროსნული ომების ეპოქაში, სადაც ორად გახლეჩილი სამყაროს გაბალანსებას ცდილობს მესამე, ფარული ძალა, რომლის რჩეულ გმირსაც ჩვენ ვასახიერებთ.
|